ჯემალ ქათამაძე – 80

Download Report

Transcript ჯემალ ქათამაძე – 80

80

ჭახათი

ვიწრო ბილიკი–
ჟამმა შავი კლდე ვერ დაობა,
აქ დავიბადე –
აი მართლაც გამბედაობა.
ზემოთ დევივით ელიას მთა
აწრთობს არწივებს,
ასე მგონია, მზე აქედან
სხივს ანაწილებს.
შავ არტახებში გაიელვებს
კინტრიშის ტალღა.,
ეს გოლიათი,
ამოდენა მთები რომ გახრა.
ჯიხვთა ჭიდილი,
კლდეთა შორის ხარი ბღაოდა,
აქ დავიბადე–
აი მართლაც გამბედაობა.



























კოხი
წამოსკუპულა მთების მხრებზე პატარა კოხი.
აქედან მთვარეს პაპაჩემის მიწვდები ჯოხით.
ხევებს გაავსებს გაზაფხულზე იების ჯარი
და ლეგა ღრუბელს გადაჰფერთხავს მთებიდან ქარი.
კინტრიში, როგორც მოქნეული თათარის ხმალი.
კლდეთა კარებში გაიელვებს შმაგი და მალი.
ელიას ციხე გადმომდგარა ზემოდან – დევი,
და ვარსკვლავების გასაკრეფად მიიწევს ზევით.
მართლაც კარგი და ლამაზია პატარა კოხი,
აქედან მთვარეს პაპაჩემის მიწვდები ჯოხით.


















ზოგი პარიზს აქებს, ზოგი კიდევ
ლონდონს,
ზოგს ათენი ძველი და ზოგს
მოსწონს ბორდო,
ზოგს სტამბოლის მტვერი, ზოგს
ბებერი რომი,
ზოგს აფრიკა შავი, სპილოების
ომი...
ზოგი ვენეციას, ზოგი აქებს რიოს,
მე კი ჩემი მიწის ქებამ გადამრიოს.
ზოგი ამაზონთან,
ზოგი მისისიპთან,
ზოგი მიჩიგანთან,
ზოგი ნიაგართან
დადიოდა ლაღად
ფერთა გადამყურე,
მოეჩვენა ბაღად
ინდოეთის ყურე.
















მე კი მეგობრებო,მხოლოდ იმას ვიტყვი,
ყველა საოცრება, ეშხი, მარგალიტი,
მხოლოდ ჩვენში ვნახე,მხოლოდ ჩვენში დარობს,
რად ღირს ჩარგლის ზეცა და გოდერძის წყარო.
საოცნებო მთები, ათინათი დილის,
ვინც რაც უნდა აქოს, მე ვაღმერთებ თბილისს,
მე ვაღმერთებ მესხეთს, რუსთაველის მხარეს,
საქართველოს მზეს და საქართველოს მთვარეს,
მე ვაღმერთებ სამას არაგველთა გუგუნს,
გონიოს და მცხეთას ცეცხლით გადაბუგულს.
მე ვაღმერთებ დავითს, თამარ მეფის დროშას,
ქარში გაჭრილ მერანს და აკაკის ლოცვას...
ჩემი ყრმობის სიზმრებს, ჩემს ფიქრებს რომ
ლამბავს,
ციხისძირში გაჭრილ დედაჩემის საფლავს,
არაფერში გავცვლი ჩემს ღუღუნა ქართულს,
ჩემს პატარა ზღვას და ჩემს პატარა ბათუმს.
ზოგს ბომბეი მოსწონს, ზოგს საჰარა ცხელი.
ზოგს რაბათის სიცხე, ზოგს ხმაური დელის,
ზოგი სან-ფრანცისკოს, ზოგი აქებს რიოს...
მე კი საქართველოს ქებამ გადამრიოს.
 ნატვრის თვალივით მკერდზე ჰკიდია
 მთებს დალოცვილი აჭარა ჩემი.
 ზღვა ჩვენთან უფრო ღრმა და დიდია,
 ზღვაზე ოცნების მიცურავს გემი.
 სულში იღვრება ცა და ბუნება,
 მზე კოცონივით ხმელეთს ედება.
 ყველა ტკივილი განიკურნება,
 თუ სიყვარული დაგებედება.
 ცას წამით წყდება ოქროს ღილები,
 ციცინათლები თვალებს იტაცებს,
 ასე წარმტაცი ქალიშვილები
 არ მეგულება დედამიწაზე.
ზღვა ჩვენთან უფრო ღრმა და მშვიდია,
 და მზე იღვრება სულში მაჭარად.
 ნატვრის თვალივით მკერდზე ჰკიდია;
 მთებს საოცნებო ჩემი აჭარა.

















ისე ძველია ფაზისი წმინდა
და ხინოწმინდას ჩამქრალი თვალი,
რომ მილიარდი წლის სიმაღლიდან
მოჩანს ევას და ადამის კვალი.
ისე ძველია მცხეთასთან მტკვარი
და ისე ძველი სიტყვა – სულიკო,
არ შეიძლება ადამის გვარის
აკვანი აქ არ დარწეულიყო.
მიყვარს ხმაური შენი მდინარის,
შენი ბალახის მიყვარს ღაღანი.
შენით ვარ, ქვეყნად თუ ვარ
მდიდარი,
შენით ვარ , ქვეყნად თუ ვარ
მაღალი.
არ მინატრია სხვა რამ ქველობა,
მხოლოდ შენ ერთი მწამდი არაკად,
ჩემი სიცოცხლე და ქართველობა
შემიწირია შენთვის ზვარაკად.













ნუ მეტყვი, კმარა,
ნუ მეტყვი – გეყო
არ გამიზომო სივრცე და შარა...
სანამდე ვცოცხლობ
სანამდე ვღელავ ,
მზეო, მინათე
მარად და მარად.
და არ მომაკლო მამულის სითბო
გადამატარე მთებს ცად აწვდილებს.
ტკივილი იყოს,
თუ ლხინი იყოს,
ჩემი წილი მეც გამინაწილე.
არ გამატანო დარდები იქით...
•












თუ თხოვნა არის,
მეც ამისრულე.
დამწვი, დამფერფლე
მამულზე ფიქრით,
მამულის ტრფობით
დღე დამისრულე.
ნუ მეტყვი – კმარა,
ნუ მეტყვი – ნელა,
არ გამიზომო სივრცე და შარა,
სანამდე ვმღერი,
სამამდე ვღელავ,
მზეო, მინათე
მარად და მარად.